გერმანე ღუდუშაური და გურამ მებუკე მთავარ არქიტექტორ - ლადო ალექსი-მესხიშვილთან ერთად მუშაობდნენ თბილისის ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შენობის პროექტის შემუშავებაზე და მის სისრულეში მოყვანაზე.

ლადო (ვლადიმერ) ალექსი-მესხიშვილი (1915-1978)
ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილი დაიბადა თბილისში 1915 წელს. 1939 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი არქიტექტურის განხრით და ამავე წელს მუშაობა დაიწყო „ხრამჰესპროექტში“. 1941 წელს გაწვეულ იქნა მეორე მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ, 1944 წელს მუშაობა განაგრძო არქიტექტორად „შახტაპროექტში“, ხოლო 1955 წლიდან მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“ ჯერ პროექტის მთავარ არქიტექტორად და შემდეგ ინსტიტუტის მთავარ არქიტექტორად, სადაც 1960 წლიდან ხელმძღვანელობდა მესამე არქიტექტურულ სახელოსნოს. 1963-1968 წლებში იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი. ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. ალექსი-მესხიშვილი გარდაიცვალა 1978 წლის 21 ივნისს თბილისში.
ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1960), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურიატი, 1969 (მეტრო „ლენინის მოედნის“ ქვედა სადგური), საქართველოს მინისტრთა საბჭოს (1970) და კომკავშირის პრემიების (1972) ლაურიატი. მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია, 1988 (ვაკის პარკის მემორიალი), საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1983 (ცენტრალური ტელეგრაფის შენობა) და საპატიო ნიშნის ორდენი.
ძირითადი პროექტები
– სანატორიუმი „იმერეთი“, წყალტუბო 1957 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ლევან ჯანელიძე, თინათინ ფანიაშვილი)
– სპორტის სასახლე, თბილისი 1961 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, იური კასრაძე. ინჟინერი: დავით ქაჯაია)
– რესტორანი იორი, თბილისი 1962 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ნ. ვადაჭკორია, ს. მეგრელიშვილი)
– მინისტრთა საბჭოს დასასვენებელი სახლი, ბიჭვინთა 1962 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ნ. ვადაჭკორია)
– მინისტრთა საბჭოს დასასვენებელი სახლი, სოხუმი, 1962 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ნ. ვადაჭკორია, ქეთევან კობახიძე. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)
– საბჭოთა საქართველოს პავილიონი იზმირში, 1965 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ვ. ჟიტკოვსკი, კიაზო ნახუცრიშვილი. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)
– თავისუფლების მოედნის მეტროპოლიტენის ქვედა სართული, თბილისი 1967 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ქეთევან კობახიძე. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)
– საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი, თბილისი 1969 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, გურამ გაბაშვილი)
– საქართველოს მინისტრთა საბჭოს ავტობაზა თბილისი 1970 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, კიაზო ნახუცრიშვილი, გიორგი ქურდიანი. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)
– ამპოლოგრაფიული ლაბორატორია, 1970 თბილისი
– გამარჯვების მემორიალი ვაკის პარკში, თბილისი 1970 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, კიაზო ნახუცრიშვილი. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)
– თბილისის ჭადრაკისა და ალპური კლუბის შენობა, თბილისი 1973 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, გერმანე ღუდუშაური. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)
– მსახიობთა სახლი, თბილისი 1974 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, კიაზო ნახუცრიშვილი. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)
– ცენტრალური ფოსტის და ტელეგრაფის შენობა, თბილისი 1980 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, თეიმურაზ მიქაშავიძე. კონსტრუქტორი: გურამ მებუკე)
წყარო: Tbilisi Architecture Archive

გერმანე ღუდუშაური (დაბ. 1939)
გერმანე ღუდუშაური დაიბადა 1939 წელს დაბა ყაზბეგში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე განაგრძო. პროფესორ არჩილ ქურდიანის ხელმძღვანელობით ღუდუშაურმა 1963 წელს დაიცვა დიპლომი. პრეზენტაციას ესწრებოდა ლადო ალექსი-მესხიშვილი, რომელმაც ღუდუშაური აკადემიის დამთავრებისთანავე მიიწვია სამუშაოდ „თბილქალაქპროექტის“ მესამე არქიტექტურულ სახელოსნოში, სადაც მუშაობდა მრავალი წლის განმავლობაში.
ძირითადი პროექტები
– თბილისის ჭადრაკისა და ალპური კლუბის შენობა, თბილისი, 1973 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, გერმანე ღუდუშაური. კონსტრუქტორი:გურამ მებუკე)
– დავით გურამიშვილისი ძეგლის პოსტამენტის და წარწერის ავტორი, თბილისი 1965 (მოქანდაკე: მერაბ ბერძენიშვილი)
– მინისტრთა საბჭოს დასასვენებელი სახლი, სინოპი 1978 (ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, გერმანე ღუდუშაური)
– ხელბურთის სათამაშო სპორტული დარბაზი, გლდანის პირველი მიკრო რაიონი, თბილისი 1978
– სტეფანწმიდის ალექსანდრე ყაზბეგის ისტორიული სამუზეუმო კომპლექსის ერთ-ერთი შენობა, წელი უცნობია
წყარო: Tbilisi Architecture Archive

გურამ მებუკე (1930-2015)
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-კონსტრუქტორის კვალიფიკაციით 1954 წელს.
1955-1976წწ. მუშაობდა ქ. ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზში), სამაცივრო კომბინატის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად, საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, პროექტის მთავარ ინჟინრად, სახელოსნოს მთავარ კონსტრუქტორად, განყოფილების უფროსად; 1976-1992წწ. მუშაობდა სამომხმარებლო კოოპერაციის სისტემაში საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "ცენტროსოიუზპროექტის" საქართველოს ფილიალის დირექტორად; 1993 წლიდან ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის ბაზაზე შექმნილ საპროექტო სტუდია "საქკოოპპროექტს"; 1995 წელს დაინიშნა ცეკავშირის სამშენებლო საზოგადოება "საქკოოპმშენის" N18 ფილიალის დირექტორად; 2007 წელს სააქციო საზოგადოება "საქკოოპმშენის" გენერალურ დირექტორად; არჩეული იყო ამავე სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა (2010) და ცეკავშირის სარევიზიო კომისიის წევრად (2011); მისი მონაწილეობით, როგორც პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ავტორის, აშენდა ცენტრალური ტელეგრაფის შენობა რუსთაველის გამზირზე, მრავალსართულიანი ავტოფარეხი გორგასლის ქუჩაზე, ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი ვერის ბაღში, მეტროსადგურების "თავისუფლების მოედნისა" და "ვაგზლის მოედნის" მიწისქვეშა და "ნაძალადევის" მიწისზედა სადგურები; შადრევნები და კასკადი "გამარჯვების პარკში", მსახიობთა სახლის შენობა, საცხოვრებელი სახლები ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირზე - თბილისში; ასევე, დასასვენებელი სახლები: სოხუმში (სინოპი), ლიძავასა და ბიჭვინთაში (ქ. გაგრის ზონა) და სხვა ობიექტები საქართველოს მრავალ რაიონში; 1981-2005წწ. თავმჯდომარეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო კომისიას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, სპეციალური დიპლომები და საპატიო სიგელები.
წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.390

შემოქმედებითი ჯგუფი სამეული
ჯგუფის წევრები იყვნენ: ო.ქოჩაკიძე, ა.სლოვინსკი და ი.ჩიკვაიძე.